პროექტი „ტოლერანტობის მშენებლობა საქართველოში ისტორიის სწავლების გზით“.

2008-11 წლებში ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია მუშაობდა პროექტზე „ტოლერანტობის მშენებლობა საქართველოში ისტორიის სწავლების გზით“, რომელიც დააფინანსა ისტორიის მასწავლებელთა ევროპულმა ასოციაციამ (ევროკლიო) და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულმა ფონდმა (მატრა).

პროექტის ძირითადი მიზანი იყო წარმოედგინა მე-20-ე საუკუნის საქართველოს ისტორია მულტიპერსპექტიული ხედვით. ხაზგასმულიყო ეთნიკური უმცირესობებისა და კონფესიების წვლილი მე-20-ე საუკუნის საქართველოს ისტორიაში, ანუ როგორ ვიცხოვრეთ ერთად.

პროექტის გუნდი თავადაც მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური იყო. მასში შედიოდნენ როგორც მეცნიერი-ისტორიკოსები, ასევე პრაქტიკოსი მასწავლებლები.

გუნდი თემატურად დაყოფილი იყო ოთხ ჯგუფად:

  • მრავალეთნიკური საქართველო,
  • მრავალკონფესიური საქართველო,
  • ოჯახი და ყოველდღიური ცხოვრება,
  • მიგრაციული პროცესები საქართველოში.

 

პროექტის ფარგლებში შეიქმნა დამხმარე სასწავლო მასალები (მოსწავლისა და მასწავლებლის სამუშაო ფურცლები) და წიგნის სახით გამოქვეყნდა პროექტის დამამთავრებელ, მესამე წელს.
ეს პროდუქცია დაეხმარება ისტორიის პედაგოგებს იმაში, რომ გაუმკლავდნენ საზოგადოებრივი დისციპლინების სწავლებაში არსებულ სიძნელეებს და ნაწილობრივ მაინც შეავსონ „თეთრი ლაქები“ მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიაში.

პროექტის მიმდინარეობის დროს წარმატებით მიმდინარეობდა სასწავლო მასალების პილოტირება სკოლებში, რასაც თან სდევდა მასწავლებლების გადამზადება-კვალიფიკაციის ამაღლება და სკოლებისათვის სასწავლო მასალების უსასყიდლოდ გადაცემა.

პროექტის საბოლოო და ფართო შედეგი კი ის იყო, რომ გაუმჯობესდა პროფესიული კონტაქტები ისტორიის ადგილობრივ და უცხოელ მასწავლებლებს შორის, გაფართოვდა ასოციაციის ქსელი საქართველოს მასშტაბით, შეიქმნა ასოციაციის ვებ-გვერდი და გამოიცა პროფესიული ჟურნალი „ისტორიკოსი“.

eng | rus


 
All rights reserved. GAHE. 2018